2016 წლის 6 ოქტომბერს სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მოეწყო მცირე გრანტის პროექტის ,,შეზღუდვების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრაზე სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ რეგულაციებსა და სტანდარტებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს შშმ პირთა ინტეგრაციისთვის.

ასევე წარმოადგინეს მცირე გრანტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოკლიპის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა შშმ მოსწავლემ მიიღო და ასახული იყო, თუ რა სიძნელეებს აწყდება ის და მასზე მზრუნველი ადამიანები ადაპტირებული გარემოს არარსებობის გამო. მოსწავლეებმა მოუწოდეს საზოგადოებას ხელი შეუწყონ დაწესებულებების მორგებას ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებებს.

გრანტის ფარგლებში სკოლის შენობას გაუკეთდება პანდუსი, ასევე ჩატარდა ადვოკატირების კამპანია, რათა სოფელში არსებულ სხვა, კერძო თუ საჯარო დაწესებულებებსაც, ეზრუნათ პანდუსების მოწყობაზე და სხვა საჭირო სტანდარტების დაკმაყოფილებაზე. ღონისძიებას დაესწრნენ PH International-ის, ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“, ,,გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის, სკოლის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თემის, მედიისა და სოფლად არსებული სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლები, სულ 40 ადამიანი.

პროექტი ,,შეზღუდვების გარეშე“ განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თაობა ფარგლებში. მოსწავლეთა პროექტი დაფინანსდა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ. პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. გურიის რეგიონში პროგრამას პარტნიორობას უწევს ,,გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი”.