2017 წლის  21 მარტს  ქ. თბილისის №150 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის  მცირე გრანტის პროექტის “უსინათლოები საზღვრების გარეშე” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ ჩატარებული საქმიანობები და პროექტის შედეგები. პროექტის  მიზანი მხედველობის  დარღვევის მქონე მოსწავლეების განვითარების ხელშეწყობა და უსინათლო ბავშვებისთვის სწავლის პროცესის გაადვილება გახლდათ.

პროექტმა თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტმა დაფინანსება მოიპოვა როგორც PH International-ის  ასევე,  ქალაქ თბილისის მუნიციპალური მერიის  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის საგრანტო კონკურსშიც.

პროექტის მიზნის მისაღწევად  მოსწავლეებმა, თანატოლებისთვის გამართეს  პრეზენტაცია „შეზღუდული უნარები არ ნიშნავს შეზღუდულ შესაძლებლობებს“ და მოსწავლეებს გააცნეს ისტორიები  წარმატებულ უსინათლო ადამიანებზე. ამის შემდეგ, კლუბის წევრები ეწვივნენ ქ. თბილისის №202 საჯარო სკოლას, რათა უშუალოდ გაეცნოთ უსინათლო ბავშვები და ერთობლივად ემსჯელათ რა იქნებოდა მათთვის, სასწავლო პროცესის გასახალისებლად საჭირო. ბენეფიციართა საჭიროების გამოკვეთის შემდეგ, მოსწავლეებმა თემში დაარიგეს საინფორმაციო ფლაერები, რითაც მოსახლეობას მოუწოდეს  ჩართულიყვნენ მათ პროექტში. შემდეგ მოსწავლეებმა  ადაპტირებული სპორტული,  შემეცნებითი-გასართობი ნივთები და საკანცელარიო ინვენტარი შეიძინეს, ეწვივნენ №202 საჯარო სკოლას და  ბენეფიციარებთან ერთად სხვადასხვა სახალისო აქტივობა მოაწყვეს. მათ შორის, ხატვა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და ა.შ. ამავდროულად მოსწავლეებმა  გოდერძი ჩოხელის სამი მოთხრობის აუდიო ვერსია შექმნეს, დისკებზე ჩაწერეს და №202 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს გადასცეს,  რაც ბენეფიციარებისთვის სასწავლო რესურსად იქნება გამოყენებული. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც ქ.თბილისის №202 საჯარო სკოლაში გაიმართა ქ. თბილისის მერიის და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბენეფიციარები, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები,  ასევე, №202 და №150 სკოლების ადმინისტრაცია ესწრებოდა. მას შემდეგ რაც, კლუბის წევრებმა სტუმრებს პროექტის განხორციელების ეტაპები წარუდგინეს, მოეწყო სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობა, რომელშიც კლუბის წევრებთან და ბენეფიციარებთან ერთად სტუმრებიც მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებისა და მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა დამეგობრებას . „ ამ პროექტმა, ბავშვებთან ურთიერთობის შემდეგ, ბევრი სტერეოტიპი დამიმსხვრია“-განაცხადა №150 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერმა მაკა ქორიძემ.