ქალაქ თბილისის №186 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „დელტა“ მიერ განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი „უსაფრთხო გზა ქვეითს“,  რომლის  მიზანი მოსახლეობისთვის საგზაო წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში რამდენიმე  საინტერესო აქტივობა განახორციელეს – დებატები, ტრენინგები, თემში გამართული საინფორმაციო აქციები, თემატური ვიდეო რგოლის გადაღება და სოციალური ქსელით გავრცელება.

ასევე აღსანიშნავია, ფლეშ მობი, რომელიც კლუბის წევრებმა №186 საჯარო სკოლის  დაწყებითი კლასების მოსწავლეების დახმარებით დადგეს და საზოგადოებას საგზაო წესების შესახებ ინფორმაცია ორიგინალური გზით მიაწოდეს. გარდა საზოგადოების ინფორმირებისა, მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე  გადასასვლელის დახაზვასთან დაკავშირებით, ადვოკატირების პროცესი აწარმოეს და მათი ინიციატივის საფუძველზე თბილისის მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადასასვლელის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი „უსაფრთხო გზა ქვეითს“  წარმატებული ვერ იქნებოდა, რომ არა ის მხარდაჭერა, რომელიც პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეებს ქალაქის მერიამ,  შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოძრაობის უსაფრთხოების განყოფილებამ და საბურთალოს რაიონის გამგეობამ გაუწიეს. „მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია თემისთვის და სკოლისთვის, ჩვენ მოსწავლეთა ინიციატივებს მივესალმებით..“ – აღნიშნა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა, სკოლაში გამართული დასკვნითი ღონისძიების შემდეგ.

№186 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „დელტა“ წევრი მოსწავლეები მომავალშიც გეგმავენ სათემო პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.