თბილისის №209 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის „უარი ნაადრევ ქორწინებას“ ფარგლებში მათი თანატოლების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება დაისახეს მიზნად. მოსწავლეების თქმით მათ თემში ნაადრევი ქორწინების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ამ თემაზე მუშაობა.
თავდაპირველად მოსწავლეებმა საცხოვრებელ უბანში კვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ გამოკითხული 100 რესპონდენტიდან ყოველ მესამეს ოჯახი 18 წლამდე ჰქონდათ შექმნილი. მოსწავლეებმა სკოლაში ფსიქოლოგი მოიწვიეს, რომელმაც მათთვის ლექცია-სემინარი ჩაატარა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა რასაც ადრეულ ასაკში ქორწინება იწვევს.
მოეწყო თემატური ფილმის ჩვენება და განხილვა. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა საინფორმაციო ფურცლები დაამზადეს და თემში დაარიგეს, რომლითაც მოსახლეობას იმ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ნაადრევი ქორწინება იწვევს.
საბოლოოდ სკოლაში საგრანტო პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს პროექტის მსვლელობაზე და მიღწეულ შედეგებზე. მოსწავლეების თქმით სკოლაში და თემში მათ მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად ნაადრევი ქორწინების საფრთხეების შესახებ ცნობიერება ამაღლდა.