ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „სპორტი ჩვენი არჩევანია“. პროექტის მიზანი იყო სპორტული ცხოვრების დანერგვა სკოლაში და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში და სკოლის დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, თუ რამდენად პოპულარულია თემში ცხოვრების ჯანსაღი წესი, გაიარეს ტრენინგი აღნიშნულ თემაზე და შემდეგ, უმცროსი კლასების მოსწავლეებისთვის, ჩაატარეს სემინარები ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს შორის მოეწყო სპორტული შეჯიბრება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. პროექტის შესახებ ინფორმაციას მოსწავლეები აქტიურად აშუქებდნენ სოციალური ქსელის და ადგილობრივი გაზეთის საშუალებით.

პროექტის დასრულების შემდგომ, სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები აქტიურად აგრძელებენ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. კლუბის მოსწავლეების ინიციატივით, სკოლაში მოეწყო სპორტული შეჯიბრი კალათბურთში, რომელშიც პირველი მაისის სკოლის მოსწავლეები და პროგრამის პარტნიორი დოლოგანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრში პირველი მაისის სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს და დაჯილდოვდნენ თასით. ა.წ. 18 მაისს, სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა მეურვე პედაგოგის და სკოლის დირექციის მხარდაჭერით გამართეს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორი სკოლების და ბათუმის სხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სკოლებში სპორტის გაკვეთილების მნიშვნელობაზე და მოამზადეს წერილობითი მიმართვა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სახელზე სკოლებში სპორტის გაკვეთილების გაუმჯობესების და ხელშეწყობის შესახებ. „სკოლის დირექცია დიდი ხანია გეგმავდა სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას, მაგრამ სკოლის მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. მცირე გრანტის პროექტის დაფინანსება სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სკოლამ, მიღებული გრანტით და თავისი ბიუჯეტით, შესძლო პროექტის წარმატებით განხორციელება“, სთქვა პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა თინა ცეცხლაძემ.