2017 წლის 22 მარტს,  ონის სამხატვრო სკოლაში უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. გამოფენა მცირე საგრანტო პროექტის ,,მზის ქალაქი“ ფარგლებში მოეწყო.

უწერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, მალკეინის ასოციაცია ბავშვებისათვის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს აღნიშნული პროექტი, რომლის მიზანი სკოლაში რესურს ოთახის შექმნა და სსმ მოსწავლეებისათვის სხვადასხვა უნარების განვითარება  გახლდათ. ,,ძალიან დიდი სურვილი გვქონდა სსმ მოსწავლეებთან ერთად გვესწავლა ქსოვა და თექაზე მუშაობა.

ქსოვა პროექტის ფარგლებში სკოლის ხელოვნების პედაგოგმა გვასწავლა, თექაზე მუშაობის შესასწავლად კი კვირაში ერთი დღე ონის სამხატვრო სკოლაში დავდიოდით. ჩვენი ტრანსპორტირებაც უფასოდ ხდებოდა,  ჩვენი წერილობითი თხოვნის საფუძველზე სატრანსპორტო კომპანია შპს ,,მოედანი“ უფასოდ ახდენდა ჩვენს ტრანსპორტირებას.

ერთობლივმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და დღეს ჩვენი ნამუშევრები გვინდა წარმოგიდგინოთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო და ჩვენ არ გავჩერდებით, მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობას“- სთქვა ნინო მეტრეველმა, უწერის საჯარო სკოლის მოსწავლემ.