გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „გზა ჯანმრთელობისკენ“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ამ მიზნით სკოლაში მრავალი საინტერესო აქტივობა ჩატარდა – მოიწვიეს ექიმი ნატა ბეთხოშვილი, რომელმაც მოსწავლეებთან ისაუბრა ჯანსაღ კვებაზე და გენმოდიფიცირებულ საკვებზე. მოსწავლეებმა დაწერეს თემატური ესეები, რომლებიც შემდგომ პროექტის დახურვის ღონისძიებაზე სტუმრებს წაუკითხეს.
ძალიან საინტერესო იყო კერძების რეცეპტების მოძიება, რომელსაც ძველად იყენებდნენ და ამ კერძების რეცეპტების ბუკლეტის სახით გამოცემა. მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეო რგოლი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით და გაავრცელეს სოციალური ქსელის მეშვეობით, ხოლო სკოლამ მოსწავლეების მონაწილეობით მოაწესრიგა ფეხბურთის მოედანი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის.
2017 წლის 16 თებერვალს სკოლაში ჩატარდა პროექტის დახურვის ღონისძიება სადაც სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და მოსწავლეებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენლები. მცირე გრანტის პროექტის „გზა ჯანმრთელობისკენ“ შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ონლაინ გაზეთში „ქართლის სპორტული ვებ პორტალი“ (http://qartlisport.ge/?p=5482№.WKXh5DirF9P).