2016 წლის 19 მაისს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმის დასკვნითი ღონისძიება „აქტიური მოქალაქეობიდან გმირობამდე“.
ღონისძიებაში მონაწილეობა აჭარის რეგიონის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს. ღონისძიების მიზანი მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიებაზე სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააცნეს ა. წ.
3 მაისს განხორციელებულ ახალგაზრდულ ფორუმზე მათ მიერ ინიცირებული პროექტები. მოსწავლეთა პროექტები მიგრაციის და დასაქმების ხელშეწყობას, იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების გააქტიურებას და საგზაო უსაფრთხოების თემებს უკავშირდებოდა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ახლგაზრდების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარების რეკომენდაციებზე და მხარდაჭერა აღუთქვეს მოსწავლეებს პროექტების განხორციელების პროცესში. „ჩვენ არაერთხელ დავაკმაყოფილეთ მოსწავლეთა ინიციატივა საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოგვარების მიზნით. მახსოვს ის სკოლებიც, სადაც მოწესრიგდა საგზაო ნიშნები. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს ინიციატივებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება უპასუხოდ დავტოვოთ თქვენი ინიციატივები. თქვენ არ საუბრობთ მხოლოდ თქვენს პრობლემებზე, ეს თითოეული ჩვენთაგანის პრობლემაა, რაზეც ყველამ რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, სთქვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ქალბატონმა ნატალია ზოიძემ. „მოსწავლეებმა ისე ნათლად აღწერეს მიგრაციის პრობლემები და მათი მოგვარების გზები ჩვენს რეგიონში, რომ ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს ზუსტად ემთხვევა და ჩვენ მზად ვართ ამ მოსწავლეებთან ვითანამშრომლოთ და ერთად განვახორციელოთ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი“ სთქვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნანა პაპიაშვილმა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეო რგოლები, რომლებიც მათ თემში, რეგიონში მცხოვრები აქტიური ადამიანების მოღვაწეობას ასახავდა. მოსწავლეებმა, ასევე წარმოადგინეს აფხაზეთის ომის დროს გმირულად დაღუპული აქტიური მოქალაქეების ისტორიები, რომლებიც საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს, მერიის სპორტის და ახალგაზრდობის განყოფილების, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის, საარქივო სამმართველოს, დასაქმების სააგენტოს, პროფესიული გაერთიანების და იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა გაშუქდა აჭარის ტელევიზიის მიერ.