გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის აზერბაიჯანული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სკოლაზე“ ფარგლებში, პოეზიის საღამო მოაწყეს. პროექტი მიზნად ისახავდა სკოლაში ბიბლიოთეკის შექმნას და ქართული ენის სწავლების ხელშეწყობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საზოგადოებაში ინტეგრირებას.

პროექტის განხორციელებისას, მცირე გრანტის ფარგლებში, სკოლამ შეიძინა მხატვრული ლიტერატურის წიგნები ქართულ ენაზე და ლექსიკონები და ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცა წიგნის თაროები. პოეზიის საღამოს მზადების პროცესში მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს სოფლის თვითმმართველობამ და რუსთავის სკოლა „მზეკაბანის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლია მარტაშვილმა – სკოლის ახალ ბიბლიოთეკას გადასცეს მხატვრული ლიტერატურის წიგნები ქართულ ენაზე.

შეძენილი ლიტერატურის გამოყენებით მოსწავლეებმა მოაწყეს პოეზიის საღამო, სადაც წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის ლექსები. წარმოდგენას თან ახლდა მუსიკალური გაფორმება და სლაიდ შოუ.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და თემის წარმომადგენლები, მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია. მოსწავლეებმა სტუმრებს აცნობეს, რომ ბიბლიოთეკით სარგებლობა თემის ნებისმიერ წევრს შეეძლო. საღამოსთვის მოსწავლეებმა სპეციალურად შექმნეს ნახატები ქართველი პოეტების შემოქმედების მიხედვით და ამ ნახატებით გააფორმეს დარბაზი, სადაც საღამო ჩატარდა.