პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პედაგოგებს პროფესიული განვითარების ტრენინგი ჩაუტარდათ. აღნიშნული ტრენინგი პედაგოგებს დაეხმარა თეორიული ცოდნის გაღრმავებაში, რაც სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელიგამოცდის წარმატებით ჩაბარების საწინდარი გახდა.ამასთან დაკავშირებით რამდენიმე პედაგოგმა საკუთარი ემოცია და მოსაზრება გაგვიზიარა: ელენე ოგბაიძე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი: პროგრამა „მომავლის თაობა“ საშუალებას მაძლევს, ტრენინგებისა და თემატური შეხვედრების საშუალებით, ცოდნა გავიღრმავო სამოქალაქო განათლების სხვადასხვა მიმართულებით.

ამ მხრივ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიული ზრდის ხელშემწყობი ტრენინგი, რომელზეც თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად, აქცენტი არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე კეთდებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა და მე შევძელი სამოქალაქო განათლების საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარება.

მთავარი კი ის არის, რომ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება დამეხმარება, ჩემი გაკვეთილები მოსწავლეებისთვის უფრო ინტერაქტიული და საინტერესო იყოს. შორენა ჭიჭინაძე-გელდიაშვილი, თბილისის №74 საჯარო სკოლა: პროფესიული განვითარების ტრენინგი ძალიან დამეხმარა, კიდევ უფრო გამეღრმავებინა ცოდნა პროექტულ სწავლებაში.

მნიშვნელოვანი იყო ილუსტრაციების გამოყენების საშუალებით კრიტიკული აზროვნების განვითარება; სხვადასხვა პრობლემის შესახებ მსჯელობა; სადისკუსიო საკითხების განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება; წყაროებზე მუშაობა და დასკვნების გაკეთება. ტრენინგი დამეხმარა იმის გააზრებაში, თუ როგორ მივიტანო ეს საკითხები მოსწავლეებამდე. აქ მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩემი და ჩემი კოლეგების საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარებაზე.