ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „პატარა და ლამაზი კუთხე“ მიზნად ისახავდა სოფელში არსებული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ისტორიული ძეგლების გამოსახულებებით მაგნიტური სუვენირების დამზადებას და გაყიდვას, მიღებული თანხით კი სკოლის სასადილო ოთახის რეაბილიტაციას. ეშტიის №1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ.

ახალციხის სამხატვრო სკოლაში. მათ სამხატვრო სკოლის პედაგოგებთან ერთად დაამზადეს სოფელში არსებული კულტურული ძეგლების გამოსახულების მინიატურული სუვენირები, 150 ცალი.

2016 წლის 28 იანვარს მოეწყო სუვენირების გამოფენა – გაყიდვა. გამოტანილი იყო მოსწავლეების ნამუშევრები, როგორც ნაქსოვი, ისე ხისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები, რამაც მოწვეული სტუმრების მოწონება დაიმსახურა.

გამოფენა მოინახულეს პროგრამის „მომავლის თაობა“, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ეშტიის გამგეობის წარმომადგენლებმა და თემის წევრებმა. დასასრულს ეშტიის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ბერნიკ-ნანე ოვსეფიანმა აღნიშნა: „დღეს დამზადებული სუვენირების 50%-ის რეალიზება მოხდა, დარჩენილი სუვენირების რეალიზება კი მომდევნო დღეებში გაგრძელდება. მიღებული თანხით მოხდება სკოლასთან არსებული სასადილო ოთახის რეაბილიტაცია, რათა მოსწავლეებმა სასიამოვნო გარემოში შესძლონ საკვების მიღება“. ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ – ტელევიზია „ ფარვანა“, რადიო „ ნორი“, ადგილობრივი გაზეთი „ არშალუის“.