2015 წლის 17 ივლისს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა ონლაინ კონფერენცია  საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე. კონფერენციის სტუმრები იყვნენ ბ-ნი დავით კახიძე და ბ-ნი თამაზ კვიტია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.

ონლაინ კონფერენციის  განმავლობაში ბ-ნი დავითი და ბ-ნი- თამაზი პასუხობდნენ  აუდიტორიაში მყოფი თბილისის სკოლების  და SKYPE-ის მეშვეობით  მიღებულ საქართველოს 11 რეგიონის მოსწავლეების შეკითხვებს. ონლაინ კონფერენციის დროს სტუმრებმა ისაუბრეს   საგანგებო სიტუაციების დროს აუცილებელი ქცევის ნორმებზე და უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობაზე.

მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვები ეხებოდა: თუ როგორ უნდა იმოქმედოს მოსახლეობამ სხვადასხვა სტიქიური უბედურების – მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის დროს? არის თუ არა შესაძლებელი ყველა სკოლაში ჩატარდეს საგანგებო სიტუაციების მართვის ტრენინგები? როგორ უნდა მოხვდეს ახალგაზრდა სამაშველო სამსახურში?  

 

მოსწავლეები ასევე, დაინტერესდნენ: რამდენ გამოძახებაზე უწევთ მაშველებს ყოველდღიურად გასვლა? თუ არიან საქართველოში ქალი მაშველები. სტუმრებმა  მოსწავლეების ყველა შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს და უფრო მეტი ინფორმირებულობისათვის  შესთავაზეს მათ ნახონ  საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურის მიერ გადაღებული ვიდეო ფილმები.

სულ კონფერენციაში 150-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ონლაინ კონფერენცია გაიმართა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International,   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.