2015 წლის 31 მარტს ოზურგეთის მზრუნველობამოკლებულ პირთა უფასო სასადილოში სამკითხველო კუთხე გაიხსნა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ოზურგეთის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების ინიციატივით. სამკითხველო კუთხეში განთავსდა მოსწავლეების ინიციატივით სკოლებში შეგროვებული წიგნები და ჟურნალები.
ინიციატივას მხარი დაუჭირეს და მოსწავლეებს წიგნები გადასცეს ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სოციალური მომსახურეობის გურიის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებმა; მოსწავლეებმა მზრუნველობამოკლებულთათვის დაამზადეს და გადასცეს ხელნაკეთი, მხატვრულად გაფორმებული ღია ბარათები კეთილი სურვილებით და ასევე სამახსოვრო სუვენირები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი – სამიზნე სკოლების წევრმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები სხვადასხვა საკრავების გამოყენებით.
მოსწავლეების ინიციატივის შედეგად სასადილომ შეიძინა ახალი ფუნქცია, დღეიდან იქ მისულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისუფალი დრო შინაარსიანად გაატარონ და გაეცნონ მრავალფეროვან ლიტერატურას. ღონისძიებაში ჩაერთო სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები ურეკის, გურიანთის, სოფელ ოზურგეთის, კონჭკათის, ქვემო ბახვის, მაკვანეთის, ჯურუყვეთის საჯარო სკოლებიდან.
ღონისძიებას შეუერთდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სოციალური მომსახურების გურიის სამხარეო ცენტრი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ნამცხვრის სახლი ,,ტირამისუ’’. სამოქალაქო განათლების პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.