ურეკის სასკოლო სამოქალაქო კლუბის ინიციატივით თემში განხორციელდა პროექტი ,,ნუ მოჭრი ნაძვს“. ინიციატივის მიზანი იყო საახალწლოდ ნაძვის ჭრის შემცირება დაბა ურეკში.
მოსწავლეებმა სკოლაში ჩაატარეს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოსწავლეებმა ეკოლოგიის საკითხებზე ისაუბრეს, საქართველოში გავრცელებულ ნაძვის ჯიშებზე, იმ პრობლემებზე, რასაც ტყის გაჩეხვა იწვევს.
ასევე აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაძვის ხის უკანონოდ ჭრისთვის დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ბოლოს კი მოუწოდეს საზოგადოებას, საახალწლოდ ჩაანაცვლონ ბუნებრივი ნაძვი – ხელოვნურით და გადაარჩინონ ტყე გაკაფვისგან.
მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა დაბა ურეკის გამგეობის წარმომადგენელმა დავით რობაქიძემ. მან ახალგაზრდებს უშუამდგომლა აგრონომ გელა მუსერიძესთან, რომელმაც საკუთარი მეურნეობიდან კლუბს საჩუქრად გადასცა ქოთნებში კულტივირებული დეკორატიული ჯიშის ნაძვის ნერგები. მოსწავლეებმა აღნიშნული ნაძვის ნერგები თემში დაარიგეს ხელოვნურ ნაძვის ხეებთან ერთად. თემის წევრები საახალწლო დღესასწაულის შემდეგ აღნიშნულ ნერგებს ნიადაგში გადაიტანენ. მოსწავლეთა ინიციატივა დაიცავს დაბა ურეკის ტყის მასივს გაკაფვისგან და კარგი მაგალითი იქნება ბუნების დაცვის საქმეში.