ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში საკლასო პროექტი განახორციელეს სახელწოდებით ,,ნუ იქნები უმოქმედო“. პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება საკვების უვნებლობის საკითხებზე.

პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოსწავლეები დაიყვნენ სამუშაო ჯგუფებად და გადაინაწილეს ფუნქციები – რეკლამის მომზადება, ინფორმაციის შეგროვება, მისი ანალიზი და საზოგადოებისთვის წარდგენა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, გამოიკითხა 150 ადამიანი.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ჩოხატაურის მოსახლეობის საჭიროებების და დამოკიდებულებების შესწავლა კვების პროდუქტებთან მიმართებაში, ასევე რა გავლენას ახდენს რეკლამა მომხმარებელზე პროდუქტის ყიდვის პროცესში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო პლაკატები, რომელიც მოიცავდა შემდეგ ინფორმაციას: რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა სურსათის შეძენამდე, ვის უნდა მიმართოს მოწამვლის ან სხვა დარღვევების შემთხვევაში.

ამავე პლაკატზე იყო მითითებული სურსათის ეროვნული სააგენტოს და მომხმარებელთა დახმარების ცენტრის ცხელი ხაზის ნომერი და ვებგვერდის მისამართი. აღნიშნული პლაკატები გამოიკრა სავაჭრო ობიექტებში დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე. ასევე, მოსწავლეებმა გადაიღეს სარეკლამო ხასიათის კლიპი, სადაც მომხმარებლებს აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ შეარჩიონ პროდუქტი და რას მიაქციონ ყურადღება. პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები შეხვდნენ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს, გააცნეს მას პრობლემის არსი და კვლევის შედეგები, დაუსვეს კითხვები და მიიღეს ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის გამოყენებით მოამზადეს პრეზენტაციები და ჩაატარეს სემინარები სკოლის მოსწავლეებისთვის IV-XI კლასებში. მოამზადეს და თემში გაავრცელეს ლიფლეტები. ნინო სალია, საკლასო პროექტის – ,,ნუ იქნები უმოქმედო“ მონაწილე მოსწავლე: ,,თითოეული ჩვენთაგანი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა პროექტის განხორციელებას, რადგანაც პრობლემამ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით საკმაოდ იჩინა თავი ჩვენს თემში. გამოკითხვის შედეგად დავრწმუნდით, რომ ეს მხოლოდ ჩვენი გასაჭირი არ არის და მთელ საზოგადოებას ეხება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებზე ხშირ შემთხვევაში ვადა მითითებული არ არის, ან არასათანადო პირობებში ინახება. თუ როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, როდესაც ამგვარ პრობლემას წააწყდება, ჩვენს მიერ მომზადებულ მასალებში ავსახეთ და გავუზიარეთ საზოგადოებას.“