2015 წლის 29 იანვარს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის 14 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, ახალციხის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში ნახატების გამოფენა მოეწყო სახელწოდებით: „სახელმწიფო და ძალადობა. კონკურსი გამოფენაზე მონაწილეობისთვის თითოეულ საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების და ხელოვნების პედაგოგები.
საუკეთესო ნახატები, გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გამოფენის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მარინე სუდაძე, რომელმაც სტუმრებს გააცნო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მიზნები, შემდეგ კი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთევან მიშველაძემ თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა პროექტში ჩართულ სკოლის მოსწავლეებთან. უფასო იურიდიული მომსახურების რეგიონალური სამსახურის უფროსმა დავით ზარიძემ და ექსპერტმა იურიდიულ საკითხებში სოსო ხითარიშვილმა ადამიანის უფლებებზე ისაუბრეს.
ნახატების კონკურსის მონაწილეები სტუმრებს თავად უხსნიდნენ, თუ რა სიტუაციები ჰქონდათ წარმოდგენილი ნახატებზე, სახელმწიფოს როლზე ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. დღის ბოლოს კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია საუკეთესო ნახატები. სამი საუკეთესო ნახატის ავტორს და ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეები, სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების პედაგოგები. ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა მედიამ: ტელეკომპანია „მე-9 არხი“, რეგიონალური გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“.