2015 წლის 2 აპრილს ზუგდიდის არტ-გალერეაში მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლის გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენა აუტიზმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და აუტიზმით დაავადებულ პირთა მიმართ ტოლერანტობის გაღრმავება.

ღონისძიება, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, სასკოლო სამოქალაქო კლუბის „ედელვაისი“ ინიციატივით გაიმართა. მოსწავლეებმა ინფორმაცია გამოფენის და მისი მნიშვნელობის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელეს, მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები აუტიზმის შესახებ და საზოგადოებაში დაარიგეს.

მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს, „წმინდა გაბრიელის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“, პროკრედიტ ბანკის ზუგდიდის ფილიალის, ზუგდიდის  არტ-გალერეის, სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლებმა და ზუგდიდის №6 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიგი სიჭინავას ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.

დასასრულს მას სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. „გიგი არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული. მას და მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს ესაჭიროებათ სიყვარული, მხოლოდ სიყვარულია აუტიზმის წამალი“ – სთქვა ზუგდიდის კულტურის განყოფილების უფროსმა ქალბატონმა ზამირა ღადუამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ზუგდიდის საკრებულომ და მერიამ ერთობლივად გადაწყვიტეს გიგისთვის, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდისთვის, გამოყონ დაფინანსება ახალგაზრდა ნიჭიერთა ფონდიდან. გამოფენა დაათვალიერეს აუტიზმის მქონე  ბავშვებმა და მათმა მშობლებმა. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ღონისძიებას დაესწრო 150-მდე ადამიანი. ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, ასოციაცია „ათინათის” ორგანიზებით გაიმართა.