ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საკლასო პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტის მიზანი იყო სოფლის ცენტრში მდებარე სპორტული მოედნის კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.

მოსწავლეებმა დახმარებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. განხილვის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაინტერესდნენ საპროექტო წინადადებით, ეწვივნენ სოფელ ნაგომარს, ადგილზე გაეცნენ პრობლემას და შეხვდნენ პროექტის ავტორებს.

შეხვედრაზე დაზუსტდა საბოლოო დეტალები, პროექტში დამატებით ჩაისვა ლამპიონები მოედნის განათებისთვის და შეთანხმებაც შედგა პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.

პროექტის განხორციელება აპრილის თვიდან დაიწყება. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები, ისე სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მოხალისეები ადგილობრივი თემიდან. ადვოკატირების პროცესში მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეო.