ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის საკლასო პროექტი „წვიმოეთი“ განახორციელეს. პროექტი  მიზნად ისახავდა ხცისის თემის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და საზოგადოების ინფორმირებას სოფელში არსებული  ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი წყლის  შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ  კლასი მცირერიცხოვანია, შედგება ექვსი მოსწავლისგან, მათ შესძლეს განეხორციელებინათ ბევრი საინტერესო აქტივობა – მოეწყო შეხვედრა თემის გამგებელთან პროქტის გაცნობის მიზნით, მოსწავლეებმა მოინახულეს და შეაგროვეს ვიდეომასალა ხცისის თემის სოფლებში არსებულის ისტორიული ძეგლების და ბუნებრივი სიმდიდრეების შესახებ. მოინახულეს წვიმოეთის ნათლისმცემლის სახელობისა და ყორანქედის მამათა მონასტრები.

ასევე მოიძიეს თემის ისტორიისა და ტრადიციების ამსახველი მასალები მოსახლეობაში; პროექტის ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ნინო ღულაძესთან ერთად შეხვდნენ ქარელის მუზეუმის დირექტორს, რომელიც მათ დაეხმარა სამუზეუმო არქივიდან საჭირო მასალების  მოძიებაში; შეგროვილი მასალით დაიბეჭდა ბუკლეტები, მომზადდა სარეკლამო რგოლი და დოკუმენტური ფილმი, რომელიც სოფელ ხცისის სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ლელა ქვრივიშვილმა გადასცა ტურისტულ სააგენტოს „მოიარე საქართველო“ ტურისტების მოზიდვისა და შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით. 2016 წლის 11თებერვალს სკოლაში მცირე გრანტის პროექტის წვიმოეთი“ შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყო.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო მოსწავლეების მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლი და დოკუმენტური ფილმი, რომელმაც სოფელ ხცისის ულამაზესი ადგილები გააცოცხლა და საზოგადოებას მათი მოვლისკენ და მონახულებისკენ მოუწოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის,  ადგილობრივი თვითმმართველობის, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თემის წევრები.