2015 წლის 11 ივნისს, ლესელიძის სახელობის სკვერში სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში ქალაქ თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადას“ IX კლასის მიერ განხორციელებული მცირე გრანტის პროექტის „ფოტო ცხოვრება“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანი მოსწავლეებში თავისუფალი დროის სწორი განაწილების სწავლება, ტოლერანტობის ამაღლება, ეფექტური კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარჩვევების გამომუშავება გახლდათ, რისი მიღწევაც მოსწავლეებმა სკოლაში ფოტომოყვარულთა კლუბის შექმნით გადაწყვიტეს, სადაც ისინი ნაყოფიერად გაატარებდნენ თავისუფალ დროს და ძირითადად სამოქალაქო თემატიკაზე იმუშავებდნენ.
ფოტო კლუბის ჩამოსაყალიბებლად სკოლა შავნაბადაში წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. შემოსული განცხადებებიდან ფოტო კლუბისთვის შეირჩა 25 მოსწავლე.
ფოტო კლუბის წევრებმა, ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნათია ლაგვილავას დახმარებით, პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს სახელწოდებით „თავისუფალი დრო და ფოტოგრაფია ჩვენს ცხოვრებაში“. პრეზენტაციის მსვლელობისას მოსწავლეებმა აირჩიეს მათთვის საინტერესო სამოქალაქო თემები და მათზე აქტიურად დაიწყეს მუშაობა.
ფოტოში სამოქალაქო თემების აღსაბეჭდად საჭირო უნარების გამოსამუშავებლად, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ტელეკომპანია იმედის ფოტოგრაფმა გიორგი ცაავამ ორი მასტერკლასი ჩაუტარა. მასტერკლასებზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გარკვეულიყვნენ ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით ფოტო-ჟურნალისტიკაში და საკუთარი ნამუშევრები დაეხვეწათ. მასტერკლასების შემდეგ მოსწავლეებს მიეცათ დავალება გასულიყვნენ ქალაქში და გადაეღოთ მათი თვალით დანახული სოციალურ-ეკოლოგიური პრობლემები. აღნიშნული დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოები 11 ივნისს ლესელიძის სახელობის სკვერში გამოიფინა. ამავე ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო ფოტოს ავტორები. გამოფენას დაესწრნენ ჟურნალისტი ლილი მაგალდაშვილი, ხელოვნებათმცოდნე ნინო ღაჭავა, სკოლის დირექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. „მოსწავლეებმა გაიაზრეს ის სამოქალაქო პრობლემები, რომელებიც ასახეს ფოტოებში. მათ იმდენად მოეწონათ ფოტო-ჟურნალისტობა, რომ მომავალი წლიდან ალბათ სისტემატურად გავაკეთებთ მსგავს ფოტო გამოფენებს. რაც მთავარია, მოსწავლეებმა ისწავლეს თავისუფალი დროის სწორედ გამოყენება“ -სთქვა დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის „შავნაბადას“ სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნათია ლაგვილავამ.