ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მე – 9 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,სწორედ შერჩეული პროფესია, ბედნიერი მომავლის საწინდარია”. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისწავლეს რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის წერა.
ჩაატარეს გამოკითხვა ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროფესიების შესახებ. შეხვდნენ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს; გადაიღეს ვიდეო რგოლი პროფესიის სწორედ არჩევის შესახებ; მოამზადეს და თემში გაავრცელეს საინფორმაციო მასალა რეგიონში არსებული პროფესიული განათლების ცენტრების და გადამზადების პროგრამების შესახებ.
მოსწავლეებმა სკოლაში მოიწვიეს რეგიონში არსებული საგანმანათლებლო ცენტრების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე და პროფესიის სწორედ არჩევის მნიშვნელობაზე. სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს მათი სასწავლებლების პროფესიული მიმართულებები და სწავლების პირობები.
დაგვას საჯარო სკოლის 3 მოსწავლე დაინტერესდა ქობულეთში არსებული პროფესიული სასწავლებლით “ახალი ტალღა”. ნიკა რომანაძე, ირაკლი ალიშინაძე და ლაშა კიკნაძე დღეს აღნიშნული სასწავლებლის წარმატებული სტუდენტები არიან. სკოლაში ასევე არიან მოსწავლეები, რომლებმაც უკვე აირჩიეს მეზღვაურის პროფესია და აპირებენ ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლის გაგრძელებას. „სკოლაში გავრცელებული საინფორმაციო ბროშურების და სხვადასხვა სასწავლებლებიდან მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ დავინტერესდი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯით ,,ახალი ტალღა”. გავეცანი კოლეჯში მიღების ვადების, პროცედურების, საჭირო დოკუმენტაციისა და გამოცდების შესახებ ინფორმაციას. გამიმართლა და დღეს ვარ კოლეჯის ,,ახალი ტალღა” სტუდენტი. ვსწავლობ კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსის სპეციალობის მე-3 საფეხურზე. უკვე სწავლას ვამთავრებ. კმაყოფილი ვარ აქ მიღებული ცოდნით, მასწავლებლებით და კოლეჯში არსებული სასწავლო გარემოთი. ვაპირებ სწავლის გაგრძელებას მომდევნო საფეხურებზე“, – სთქვა დაგვას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლაშა კიკნაძემ.