2015 წლის 16 ივნისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ვალდორფის თავისუფალი სკოლის X კლასის მიერ განხორციელებული მცირე გრანტის პროექტის „რა ხდება ქუჩაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებისთვის გასართობ -სარეაბილიტაციო აქტივობების შეთავაზება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა გახლდათ.

მიზნის მისაღწევად ვალდორფის თავისუფალი სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, რათა უფრო დეტალურად შეესწავლათ ბენეფიციართა ცხოვრება და განესაზღვრათ მათი საჭიროებები. შეხვდნენ ფსიქოლოგებს და ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებს, რომლებმაც სკოლა ვალდორფის აღსაზრდელებს ასწავლეს რამდენიმე ხერხი, თუ როგორ უნდა მოეპოვებინათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ნდობა.

მიღებული ინფორმაციის შემდეგ მოსწავლეები უშუალო ქმედებაზე გადავიდნენ. ნდობის მოსაპოვებლად ველზე გავიდნენ და ბენეფიციარებს საკვები დაურიგეს.

პირველი წარმატებული კონტაქტის შემდეგ მოსწავლეებმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები მუშტაიდის პარკში წაიყვანეს, სადაც გარდა დასვენებისა, ერთმანეთს სპორტულ აქტივობებშიც შეეჯიბრნენ. მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში ვალდორფის თავისუფალმა სკოლამ ბენეფიციარები სკოლის სახელოსნოებში მიიწვია, სადაც მათ მოსწავლეებთან ერთად კერვის, ხატვის და ძერწვის გაკვეთილები გაიარეს. „ბავშვებს ძალიან მოეწონათ ხელსაქმის გაკვეთილები, რამდენიმე მათგანს სურვილიც გაუჩნდა, რომ შემდგომშიც ეკეთებინა ეს საქმე, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი მიღწევაა“- განაცხადა ვალდორფის თავისუფალი სკოლის X კლასის მოსწავლემ ბექა ქვრივიშვილმა. მოსწავლეებს მცირე გრანტის პროექტის განხორციელებაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაციები „World Vision Georgia“ და საქართველოს კარიტასი დაეხმარნენ. მცირე გრანტის პროექტის „რა ხდება ქუჩაში“ფარგლებში მოსწავლეებმა 15-მდე ბენეფიციართან მოახერხეს მუშაობა. მსგავსი აქტივობების განხორციელებას მომავალშიც აპირებენ.