2016 წლის 28 ოქტომბერს, ბოლნისის საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრში „განთიადი“ გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის საგრანტო პროექტის „ფიქრი ვიფიქრე ფიცივით, გზაც ფიანდაზად მეგება“ შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი მიზნად ისახავდა მუხრანას აზერბაიჯანელი მოსწავლეების ინტეგრაციას ბოლნისის საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრის ბენეფიციარებთან.

შეხვედრაზე მოეწყო პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ აზერბაიჯანულ-ქართულ ენაზე მომზადებული სუბტიტრებიანი ფილმის ჩვენება, რომელიც ასახავს პროექტის მიმდინარეობას და მოიცავს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის შესახებ. ფილმის ნახვის შემდეგ პროექტის მონაწილეებმა და სტუმრებმა ისაუბრეს საკითხის აქტუალობისა და პროექტის შედეგების შესახებ.

შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის და მუხრანას მოსწავლეების მიერ ერთობლივად შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ნივთების გაყიდვით შემოსული თანხით გათვალისწინებულია „განთიადის“ ბენეფიციარებისთვის თიხის და საკანცელარიო მასალის შეძენა.

„განთიადის“ ბენეფიციარებს უკვე აქვთ მოწვევა თბილისის ერთ-ერთ სოციალურ სახლში გამოფენა-გაყიდვაზე, სადაც მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მუხრანას საჯარო სკოლის შიდა ეზო, კერძოდ, შეიღება სკოლის კედლები, კეთილმოეწყო სკვერი, დაირგო ყვავილები და ასევე გაკეთდა 2 პანდუსი – სკოლისა და სპორტული დარბაზის შესასვლელებთან, რომელსაც უკვე იყენებს ეტლით მოსარგებლე მოსწავლე. ღონისძიებას დაესწრნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების, გაზეთ „ბოლნისის“ და სიქა-ს წარმომადგენლები, სკოლების: „დავითიანი“, რაჭისუბანი, მუხრანა, ბოლნისის №2 მოსწავლეები და პედაგოგები, ცენტრის „განთიადი“ ბენეფიციარები. პროექტი „ფიქრი ვიფიქრე ფიცივით, გზაც ფიანდაზად მეგება“ განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თაობა ფარგლებში ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” დაფინანსებით. პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.