წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების ერთობლივი ინიციატივით ტარდება “მოძრავი კინოფესტივალი. კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.

1 ივნისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, წყალტუბოში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მოეწყო ფილმის ჩვენება. ნაჩვენები იყო ჯონ სმიტის დრამა “საშიში ფიქრები/ძნელად აღსაზრდელები.

ფილმი დანაშაულისკენ მიდრეკილი სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე, გარდატეხის ასაკში მყოფი ახალგაზრდების პრობლემებს ეხება. ფილმის ჩვენებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები, პედაგოგები და თემის წევრები ესწრებოდნენ.

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ფილმის ჩვენების პარალელურად საინფორმაციო კამპანიაც გამართეს, დამსწრე საზოგადოებაში ბავშვთა უფლებათა კონვენციის ადაპტირებული ვერსია გაავრცელეს. ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეთა შორის გაიმართა დისკუსია საზოგადოებაში არსებულ ახალგაზრდების პრობლემებზე. წყალტუბოს მსგავსად ფილმის ჩვენება უკვე მოეწყო სოფელ ბანოჯაში. „მოძრავი კინოფესტივალის“ ფარგლებში წყალტუბოს 7 სოფელში გაიმართება ფილმების ჩვენება.