2017 წლის 19 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხდომათა დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა  შეხვედრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან. შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის დანისპარაულის, რიყეთის, ირემაძეების, ქედლების, კორტოხის  და ბათუმის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრა განხორციელდა ახალგაზრდული ფორუმის პროექტის „მეტი ინფორმაცია მეტი აქტიურობისთვის“ ფარგლებში. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, მოსწავლეებს სახელისუფლებო შტოების მნიშვნელობაზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კანონშემოქმედებით საქმიანობაზე ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელიც ძირითადად, ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა სფეროში და მოსალოდნელ ცვლილებებს შეეხო. საქართველოს კონსტიტუციის საჯარო განხილვის და საარჩევნო სისტემაში მოსალოდნელი ცვლილების მნიშვნელობაზე განმარტებები გააკეთეს მერაბ კარანაძემ, ილია ვერძაძემ და პეტრე ზამბახიძემ.

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს და აღნიშნეს, რომ ამგვარი შეხვედრები მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება, უკეთ განსაზღვრონ თავიანთი მომავალი. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.