ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერისა და სოფელ ღების საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები, სულ 20 მოსწავლე, ონის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში რაჭა ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ გუბერნატორს პაპუნა მარგველიძეს, ონის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი ლობჯანიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს შეხვდნენ. კლუბის წევრებმა თემსა და სკოლაში არსებული პრობლემები გააცნეს ადგილობრივ ხელისუფლებას და მათი მოგვარება სთხოვეს.

თიკო ლობჯანიძე, სოფელ ღების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი: ,,რთულია მთაში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან ძალიან მოშორებით ცხოვრება, სწავლა, ჩვენთან უკვე ერთ მეტრზე მეტი თოვლია მოსული და თითქმის ექვსი თვე მკაცრი ზამთრის პირობებში ვიქნებით, ბევრი რამ ხელმიუწვდომელია ჩვენთვის, ბევრი პრობლემა გვაქვს, ყველას არ შეუძლია პრობლემებს გაუმკლავდეს და იცლება მთა, იცლება ჩვენი სოფელი. დღეს ამ შეხვედრაზე შანსი მოგვეცა, მაქსიმალურად გაგვეჟღერებინა ეს პრობლემები.

დაპირებებიც მივიღეთ და იმედია, დანაპირებს შეგვისრულებენ კიდეც”. ბატონმა პაპუნამ მოსწავლეებს გულდასმით მოუსმინა და გულწრფელად უპასუხა მათ შეკითხვებს.

პაპუნა მარგველიძე, რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ გუბერნატორი: ვიცოდით ეს პრობლემები, მაგრამ დღეს ამ შეხვედრით, მოსწავლეებმა კიდევ უფრო მწვავედ და მკაფიოდ დაგვანახეს და გააშიშვლეს მთის პრობლემები, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ იდეებს, შევთანხმდით, რომ პატარა პროექტების სახით დაწერენ და ჩვენ აუცილებლად დავაფინანსებთ ამ იდეებს”.