შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეებმა სტაჟირების პროგრამა გორის სათემო რადიოში „მოზაიკა“ გაიარეს. სამი კვირის მანძილზე პარტნიორი სკოლების 15 მოსწავლე სტუმრად იმყოფებოდა სათემო რადიო „მოზაიკის“ ოფისში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს რადიო-სტუდია და სამონტაჟო ოთახები, შეხვდნენ „მოზაიკის“ ჟურნალისტებს, მათგან მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული რჩევები ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ. გაეცნენ სათემო რადიოს მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს ინფორმაცია საეთერო პროგრამების შერჩევისა და დაგეგმვის შესახებ.
შემდგომ დღეებში კი მოსწავლეები სამუშაო პროცესში ჩაერთვნენ. შერჩეული თემების ირგვლივ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მოამზადეს, რედაქტირება გაუკეთეს და ჩაწერეს აუდიო მასალები, მიიღეს თეორიული ინფორმაცია მონტაჟისა და სამონტაჟო პროგრამების შესახებ, იმუშავეს აუდიო მასალის მონტაჟზე, რომელიც განთავსდა ბლოგზე „ახალგაზრდების ხმა „მოზაიკის ეთერში“ https://soundcloud.com/radiomosaic/mhv2syzdsjkq
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტებმა გვანცა დოლუაშვილმა და ნათია ომაძემ მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგები შემდეგ თემებზე: „რა არის სამოქალაქო ჟურნალისტიკა“ და „როგორ გავხდე მოქალაქე ჟურნალისტი“.
შეასწავლეს ბლოგპოსტების წერა და გადაცემის, სიუჟეტის მონტაჟი. ახალგაზრდები და „მოზაიკის“ ჟურნალისტები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები რეგულარულად გაშუქდება რადიო „მოზაიკის“ ეთერში.