ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,მამული“ გადაწყვიტა მოეგვარებინა სოფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და სოფლამდე  მისასვლელ გზაზე  განეთავსებინა ორი საინფორმაციო აბრა სოფლის სახელწოდებით, რათა სოფელი ჭიაურში მიმსვლელი გზა  ადვილად მისასვლელი გამხდარიყო. კლუბის ,,მამული“ წევრებმა დაიწყეს ადვოკატირების კამპანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან და  საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.

მოლაპარაკებების შედეგად  სოფელ ჭიაურის შესასვლელში განთავსდა საინფორმაციო აბრა სოფლის სახელწოდებით. ,,მოსწავლეთა ინიციატივით ჩვენს სოფელში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, ჩვენთან ჩამოსული სტუმრები მუდმივად იკარგებოდნენ და კითხვა-კითხვით ძლივს აღწევდნენ ჭიაურამდე, აღტაცებული ვარ ამ ბავშვების მონდომებით, შეუპოვრობით და მოლაპარაკებების უნარით‘’ – განაცხადა ჭიაურის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა თანანა ხვედელიძემ.