ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით, სკოლის ახლოს მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდება. აღნიშნული ნაგებობა უკვე დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია.

ზამთარში დიდთოვლობის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. შენობა სკოლის გვერდით მდებარეობს და საფრთხეს უქმნის მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილების დასრულების შემდეგ ხშირად იმყოფებიან მიმდებარე ტერიტორიაზე.

კლუბის წევრებმა გადაიღეს ფოტოები, მოამზადეს წერილი და დასახმარებლად სოფლის გამგებლის წარმომადგენელს მიმართეს. ა.წ.

12 აპრილს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეპუტატის მონაწილეობით ჩატარდა სოფლის კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კლუბის წევრები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი. აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შენობის დემონტაჟს განახორციელებდა სოფლის მოსახლეობა მოხალისეობრივ საწყისებზე. გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე დაიწყო სამუშაოები, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მოსწავლეთა ინიციატივით თემში უსაფრთხო გარემო შეიქმნა.