2015 წლის 22 აპრილს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრთა ინიციატივით დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გურიის რეგიონის 9 სკოლაში მოეწყო გამწვანებისა და დასუფთავების მასშტაბური აქციები, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები – თუ როგორ უნდა მოვუაროთ დედამიწას და დავზოგოთ მისი რესურსები.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ თემაზე შეიქმნა ათობით ნახატი და პოსტერი, დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები, რომლებიც მოსახლეობაში გავრცელდა. გაიმართა კონფერენციები, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ეკოლოგიის საკითხებზე, ენერგო და ბიო რესურსებზე და მათ რაციონალურ გამოყენებაზე.

– ,,ხშირად ისმის მოწოდებები, რომ გავუფრთხილდეთ დედამიწას, თუმცა ბევრმა არ იცის რა იგულისხმება გაფრთხილებაში. ვფიქრობ, რომ დედამიწაზე ზრუნვა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობად უნდა ვაქციოთ, რაციონალურად გამოვიყენოთ ელექტროენერგია, არ დავანაგვიანოთ გარემო და დავრგოთ ბევრი ნარგავი;; – განაცხადა აქციის მონაწილემ გვანცა გორგილაძემ, მაკვანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოეწყო ჯურუყვეთის, კოხნარის, საჭამიასერის, მაკვანეთის, ურეკის, სოფელ ოზურგეთის, გურიანთის, ურეკის და კონჭკათის საჯარო სკოლებში. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თემის წევრებმა (სულ 200 ადამიანი). კახეთის რეგიონის, სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოს კეთილმოწყობა დედამიწის დღეს მიუძღვნეს. მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დასუფთავების სამსახურმა სკოლას ნაგვის ურნები გადასცა, რაიონის გამგეობამ თანხა გამოყო ეზოს სკამების შესაძენად, ხოლო პროექტის „მომავლის თაობა“ დახმარებით მოსწავლეებმა მარადმწვანე ხის ნერგები იყიდეს და სკოლის ეზოში დარგეს. დედამიწის დღეს უმცროს კლასელებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ნახატებითა და პოსტერებით გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა დედამიწის დღისადმი. აჭარის სამოქალაქო კლუბების წევრებმა და ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთობლივად განახორციელეს. სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო სესიები ეკოლოგიურ საკითხებზე. სესიებს უძღვებოდნენ ბოტანიკური ბაღის მეცნიერ თანამშრომელი ქნი ფერიდე ჩაიძე და ბოტანიკური ბაღის დირექტორი ბ-ნი თამაზ დარჩიძე. დაიგეგმა გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობა. სესიების შემდეგ, სამოქალაქო კლუბების წევრებმა, ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან ერთად, გამწვანების და საინფორმაციო აქციები მოაწყვეს. აქციის განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე 50 – მდე ნარგავი დარგეს, თემში მათ მიერ მომზადებული საინფორმაციო ფლაერები გაავრცელეს და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის სასკოლო სამოქალაქო კლუბის „განთიადის“ წევრებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს კონფერენცია, რომელზეც წარმოადგინეს პრეზენტაციები ეკოლოგიურ საკითხებზე: მსოფლიო მოსახლეობის ზრდით გამოწვეული პრობლემები, ეკოლოგიური პრობლემების ზოგადი მიმოხილვა, ატმოსფეროს ეკოლოგიური პრობლემები მსოფლიო ოკეანის პრობლემები და ტექნოგენური კატასტროფები. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „იმედი“ წევრების ინიციატივითა და მოსწავლეთა მშობლების მხარდაჭერით, სკოლის ეზოს ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო, დაირგო ხეები, სკოლის ფოიეში გაკეთდა სტენდი და გამოიფინა გარემოს დაცვის თემაზე, მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაკეთდა საქართველოს გეოგრაფიული მინი მაკეტი, სადაც წარმოდგენილი იყო, საქართველოს ფლორა და ფაუნა. „ძალიან ბევრი პრობლემა ექმნება დედამიწას.. რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები? ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიური პრობლემები“ – განაცხადა სამოქალაქო კლუბის „განთიადი“ წევრმა ნაირა ნადირაძემ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ბორჯღალო“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოსწავლეებმა დედამიწის დღე მდინარე ინწრას სანაპირო ზოლის დასუფთავებას დაუთმეს. „ზაფხულობით მდინარის პირას ბევრი ტურისტი მოდის, ბანაობენ, ქეიფობენ, შემდეგ კი ნაგავს ტოვებენ, რაღაც ზომებს უნდა მივმართოთ, რადგან მდინარის სანაპირო ნაგავსაყრელს დაემსგავსა“ -განაცხადა კლუბის ლიდერმა მოსწავლემ თემო ფიფიამ. კლუბის წევრებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, დაამზადეს საინფორმაციო ფურცლები, დაასუფთავეს მდინარის სანაპიროს განსაკუთრებულად დაბინძურებული ადგილები და განათავსეს გამაფრთხილებელი მოწოდებები.