ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს მოსახლეობაში არსებული პრობლემების ადვოკატირებისა და თანამშრომლობის გზით მოგვარების კარგი გამოცდილება დაუგროვდათ. სწორედ მოსწავლეების წარმატებული ადვოკატირების შედეგად რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლამდე მისასვლელ გზასა და გადასასვლელ ხიდს.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზეც იზრუნეს და სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით სკოლის წინ ზებრა გადასასვლელი დახაზეს და საინფორმაციო აბრა განათავსეს. ,,ჩვენი კლუბის მუშაობის რეალურ შედეგებს რომ ვხედავთ, ყველაზე უფრო ეს გვახარებს.
თანამშრომლობით ბევრი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი და ამის კარგი მაგალითი ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებია“ – ამბობს ფლორა ჯიქურიძე, სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერი.