გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფელში გამოკითხვა ჩაატარეს, მარიხუანას გამოყენების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დასადგენად. გამოკითხული იყო 30 სხვადასხვა ასაკის ადამიანი, რომლებსაც სხვადასხვა ინფორმაცია ჰქონდათ მარიხუანას მოხმარების შედეგების შესახებ.

სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, მოსწავლეები შიდა ქართლის საპატრულო პოლიციას ეწვივნენ, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, ნარკოტიკებისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე, წამალდამოკიდებული ახალგაზრდების უარყოფით ქმედებებზე, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკის მოხმარების შედეგებზე, ასევე კანონით განსაზღვრულ რეგულაციებზე, რომელიც ეხება ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და გავრცელებას. კლუბის წევრებმა მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადეს საინფორმაციო კედლის გაზეთი, რომელიც გამოაკრეს სკოლაში და დაბეჭდეს ბუკლეტები ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, რომლებიც სოფელში დაარიგეს.