თბილისის სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბების მოსწავლეებს პოეტი ზაზა ჰერელი (სუყაშვილი) შეხვდა. ზაზა წარმოშობით ჰერეთიდანაა და ამიტომ ლიტერატურულ ფსევდონიმად ჰერელი დაირქვა.
ახალგაზრდა პოეტმა სკოლა კახში დაამთავრა და უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისში ჩამოვიდა. ამჟამად იგი მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მათემატიკას ასწავლის და ფიქრობს, რომ შესაბამისი განათლების მიღების შემდეგ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდება, რათა იქ განათლების ხარისხის ამაღლებას შეუწყოს ხელი.
შეხვედრის დროს მოსწავლეებმა , გარდა ზაზა სუყაშვილის არაჩვეულებრივი ლექსებისა, მოისმინეს ისტორიები და ლეგენდები ჰერეთის შესახებ, დაინტერესდნენ იქაური ტრადიციებით და ყოველდღიურობით. შეხვედრის დროს ისაუბრეს იმ პრობლემებზე თუ გამოწვევებზე, რის წინაშეც ჰერელი მოსახლეობა დგას.
სამოქალაქო განათლების კლუბების წევრები ჰერეთით პირველად არ დაინტერესებულან, მათ 2014-2015 სასწავლო წელს განახორციელეს ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მათ მაკულატურის შეგროვების შემდეგ გადაცვლილი ახალი წიგნები ჰერეთში სტუდენტების დახმარებით გაგზავნეს. შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს კვლავ განახორციელონ ინიციატივა, რითაც ჰერელ თანატოლებთან კავშირს გააღრმავებენ. დახმარებას ზაზა სუყაშვილიც შეპირდა.