თბილისის №30 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა ერთობლივი ღონისძიება სახელწოდებით “სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ და სოციალური მუშაობის პროფესია” განახორციელეს. ღონისძიების ფარგლებში, 2016 წლის 21 მაისს თბილისის 6 სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 მოსწავლე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები ხშირად ახორციელებენ ინიციატივებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად. მიზნის მისაღწევად კი მათ თეორიული ცოდნაც სჭირდებათ.

სწორედ ამიტომ, სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის მოამზადეს პრეზენტაციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ნარკომანია, ინკლუზიური განათლება, აზარტული თამაშები, ბულინგი, ადრეული ქორწინება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები და სხვა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვებიც.

„გასაოცარი იყო, როგორ აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები დისკუსიებში და რა დიდი ინტერესით ისმენდნენ ინფორმაციას სხვადასხვა სოციალური პრობლემების შესახებ“, განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შორენა საძაგლიშვილმა. მოსწავლეებში სემინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია, სტუდენტებსა და მათ შორის საუბარი ღონისძიების დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. „რაც უფრო მეტი ასეთი ტიპის და თემატიკის სემინარი ჩატარდება, მით უკეთესი იქნება ახალგაზრდა თაობისთვის,- სთქვა №186 სკოლის მოსწავლემ ტიტე გედენიძემ.