სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მცირე გრანტის პროექტის “მომავლის ხმა“ ფარგლებში ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობა დაიგეგმა. მოსწავლეთა ინიციატივით მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა თემაზე „თავისუფალი მედია“.
შეხვედრაში კლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექცია, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, სოფელ კულაშის მაჟორიტარი დეპუტატი იმედა გოგავა მონაწილეობდნენ. დისკუსიას უძღვებოდა გაზეთ „სამტრედიის მაცნეს“ ჟურნალისტი ნათია ნაცვლიშვილი.
დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს მედიის როლზე და მედია დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე დემოკრატიის განვითარების პროცესში. შეხვედრის მონაწილეთა შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმები დაისახა.
პროექტის განხორციელებაში ჩართული მოსწავლეები ისწავლიან საგაზეთო სტატიების და ტელესიუჟეტების მომზადებას, გაეცნობიან მუნიციპალიტეტთან არსებული მედია ორგანიზაციების მუშაობას. სათემო პრობლემებზე მომზადებულ სიუჟეტებს კი მოსწავლეები ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნებენ.