ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “მომავლის გზა” წევრი მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში ღია სპორტული მოედანი მოწესრიგდა. წლების განმავლობაში სპორტული მოედანი დაფარული იყო ქვით, არ ჰქონდა მწვანე საფარი და ამიტომ იქ არ ტარდებოდა სპორტული აქტივობები.
სკოლის დირექციამ ვერ შესძლო თანხების მოძიება აღდგენითი სამუშაოებისთვის, ამიტომ სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ამ პრობლემის მოგვარებაზე თავად ეზრუნათ. მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას.
პრობლემის მოგვარების პროცესში სხვადასხვა მხარეები ჩაერთვნენ – აგარის ტერიტორიული ერთეულის უფროსმა სკოლას გადასცა ლითონის ბადე ღობისთვის, მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს სარემონტო სამუშაოებში და სკოლას გადასცეს ნაძვის ნერგები, რომლებიც შემდგომ სპორტული მოედნის გარშემო დაირგო, სკოლის კურსდამთავრებულმა უზრუნველყო მასალა მოედნის დასაფარად, მოსწავლეების და პედაგოგების ერთობლივი ძალისხმევით გაიწმინდა მოედანი ქვისა და ხრეშისგან, ხოლო სკოლის დირექციის მხარდაჭერით მოედანზე დაითესა მწვანე ბალახი. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს საღებავები კალათბურთის და ფეხბურთის ფარების შესაღებად, ასევე ბადეები და ბურთები.
მოსწავლეები მოუთმენლად ელიან სამუშაოების დასრულებას, რათა გამართონ სპორტული ღონისძიებები. „დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ქვენატკოცის საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალას არ იშურებენ, რომ თავისი წვლილი შეიტანონ სკოლის და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გალამაზებაში. ვაფასებ მოსწავლეების ინიციატივას, უფროსების დახმარებით უკეთესი გახადონ სასკოლო გარემო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“-ცირა თურმანიძე, ქვენატკოცის საჯარო სკოლის დირექტორი.