თანამედროვეობაში წიგნს კომპიუტერის სახით კონკურენტი გამოუჩნდა, მოზარდთა უმეტესობა წიგნს ნელ-ნელა შორდება, ნაკლებად სარგებლობს ბიბლიოთეკით, ამას ისიც ემატება, რომ სკოლის ბიბლიოთეკები განიცდიან ახალი წიგნების ნაკლებობას. მიქავას საჯარო სკოლის პროექტმა ,,წიგნი საგანძურია“ საშუალება მისცა მოსწავლეებს გაღვივებოდათ წიგნის სიყვარული და კითხვის ინტერესი.

პროექტის მიზანი იყო სკოლის ბიბლიოთეკის მოწესრიგება, რომელიც ამავდროულად იქნებოდა სამოქალაქო კლუბის სამუშაო ოთახიც. პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

პროექტის  გაცნობის შემდეგ მათ სკოლის ფონდში 1000 ლარი ჩარიცხეს სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნადი ფონდის შესავსებად. წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით  მოეწყო აქცია ,,თითო წიგნი ბიბლიოთეკას“, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობამ ბიბლიოთეკას გადასცა წიგნები, სკოლაში ჩატარდა კვლევა ,,წიგნი თუ კომპიუტერი?“, სხვადასხვა სკოლებში გაიმართა პრეზენტაცია და ვიდეო-ჩვენება ,,რატომ უნდა ვკითხულობდეთ წიგნს?“  

 

ახალგაზრდების მიერ, ასევე ორგანიზებული იყო საჯარო კითხვის დღე სკოლაში, რომელშიც მონაწილეობდნენ  მოსწავლეები და  მშობლები.

პროექტის ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციამ გაარემონტა ოთახი, მოეწყო თაროები, დაიდგა მაგიდები  და სკამები, ასევე, შეიძინეს ქსეროქსი და ახალი  წიგნები. პროექტის შედეგად  სკოლას აქვს გარემონტებული, მოწესრიგებული  და  ახალი წიგნებით გამდიდრებული ბიბლიოთეკა და  სამოქალაქო კლუბის სამუშაო ოთახიც,  რომლითაც ისარგებლებენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე თემის წევრებიც.