ქარელის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ,,მეგობრობის სკვერი“ მოაწყეს. პროექტი გარემოს გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.გამწვანების აქციის მომზადების პროცესში მოსწავლეებმა ხაშურის სატყეო სამსახურს მიმართეს, რომელმაც კლუბის წევრებს ნარგავები უსასყიდლოდ გადასცა.
სკოლის ადმინისტრაციამ საღებავები შეიძინა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ტექნიკით და სამუშაო იარაღებით დაეხმარა კლუბის ინიციატივის განხორციელებას. მუშაობის პროცესი ერთობლივად ჩაერთვნენ, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, მათი მშობლები და მოსახლეობა.
სკვერისათვის გამოყოფილი ტერიტორია მოსწორდა, შეკეთდა და შეიღება სკამები. მოსწავლეებმა ახლად დარგული მცენარეების დასაცავად წნულებით გააკეთეს ღობე და საყვავილეები.
დაირგო მარადმწვანე ხეები და ყვავილის ბუჩქები. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროექტის ინიციატორები არიან ახალგაზრდები, ქვეყნის და საზოგადოების მომავალი თაობა. მიგვაჩნია, რომ მათი თანადგომის ძალა, სიკეთის კეთების უნარი, სამოქალაქო აქტივობები და პრობლემის დანახვის და მოგვარების სურვილი კეთილად წაადგება ჩვენს ქვეყანას“- აღნიშნა სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ფიქრია სარალიძემ.