ქალაქ საჩხერის № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა PH International -ის ფინანსური მხარდაჭერით, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში „კულინარიის სკოლა“ დაარსეს. სკოლა ფუნქციონირებს წრის სახით და მასში გაერთიანებულები არიან VII-VIII კლასების მოსწავლეები.
კულინარიით დაინტერესებული მოსწავლეები ეუფლებიან მზარეულის პროფესიას: იმართება სახალისო აქტივობები – კულინარიული დუელები, მასტერკლასები, მოსწავლეები სოციალური ქსელით ავრცელებენ ქართული და უცხოური კერძების მომზადების ვიდეო ინსტრუქციებს. შემუშავდა სამზარეულოში ქცევის წესები.
პროექტის ფარგლებში სკოლის სამზარეულო აღიჭურვა ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით: ბლენდერი, მიქსერი, ხორცის საკეპი მანქანა, ჩირის დასამზადებელი აპარატი, წვენსაწური, წყლის მადუღარა, იოგურტის მოსამზადებელი, ბლინის საცხობი, მაფინის აპარატი, მიკროტალღური ღუმელი, საჭმლის ორთქლზე მოსამზადებელი დანადგარი, ქვაბები, ტაფები, თეფშები, დანა-ჩანგალი, ჭიქები, სამზარეულოს სასწორი, სამზარეულოს კარადა, და სხვა. გაკვეთილებს პროექტის ხელმძღვანელთან ერთად გეგმავენ და ატარებენ მოხალისე მშობლები.
წინასწარ გაწერილია თვის სამოქმედო გეგმა. მზადდება როგორც მთავარი კერძი, ისე დესერტი. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიულ განათლებაზე კულინარის პროფესიის შესახებ, უსაფრთხოებაზე სამზარეულოში, ჯანსაღი საკვების მნიშვნელობაზე მოზარდის ზრდის პროცესში, საკვების მომზადებისას ტექნოლოგიების დაცვაზე და სურსათის უვნებლობაზე. გაკვეთილები მიმდინარეობს ხალისით, ჩართულია ყველა მოსწავლე საკვების მომზადების და გაფორმების პროცესში. მომზადების შემდეგ ხდება კერძების დაგემოვნება – შეფასება. დაგეგმილია ასევე ინტეგრირებული გაკვეთილები სხვადასხვა საგნების მასწავლებლების ჩართულობით: მოსწავლეები ინგლისურის და რუსული ენების მასწავლებელთან ერთად თარგმნიან უცხოენოვან რეცეპტებს, რომლებსაც შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენებენ. ასევე „მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი მოსწავლეებს შეასწავლის სხვადსხვა სახის ტკბილეულის მომზადებას. სკოლაში ასევე დაიწყება სამეცნიერო პროექტი „მენიუ კალორიებით – ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან მეთოდს, რომელიც კალორიმეტრის საშუალებით გაზომავს სკოლის სამზარეულოში მომზადებულ მზა საკვებში პროდუქტის ენერგეტიკულ ღირებულებას. აღნიშნული პროექტი დაეხმარება კულინარიის სკოლის არსებობას გრძელვადიან პერსპექტივაში, კერძოდ, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ უკვე მათ მიერ მომზადებულ საკვებში გაზომონ საკვების ენერგეტიკული ღირებულება. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი კვების კულტურის დამკვიდრებას, რაც დღევანდელი დღეს მოსწავლეებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. V-VI კლასებში სადამრიგებლო საათის ფარგლებში დაგეგმილია მასწავლებლისა და მშობლის ერთობლივი გაკვეთილები, რომლის მიზანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების დაინტერესება კულინარიის სფეროთი და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდა. საბოლოოდ, კულინარიის სკოლაში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარება სამომავლო პროფესიის არჩევაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.