2017 წლის 29 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მცირე გრანტის – ,,ჯანმრთელობა იწყება ჯანსაღი კვებით“ – ფარგლებში მოეწყო კონფერენცია თემაზე ,,ჯანსაღი კვება“. კონფერენციაზე სამოქალაქო განათლების კლუბის ,,ბლექსი“ წევრებმა წარმოადგინეს თემატური ნაშრომები ჯანსაღი კვების საკითხებზე.

ამავე შეხვედრაზე მოხდა მცირე გრანტის ფარგლებში შექმნილი მასალების პრეზენტაცია-გამოფენა. ,,ჩვენს ირგვლივ საკვები პროდუქტებით მოწამვლის ბევრი შემთხვევის შესახებ გვსმენია, კვების მოწესრიგება კი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მცირე გრანტის ამ თემაზე მომზადება გადაგვაწყვეტინა“ – აღნიშნა კლუბ ,,ბლექსის“ წევრმა, ცირა კუკასიანმა. ,,კლუბის წევრებმა  გასულ წელსაც ვიმუშავეთ ჯანსაღი კვების საკითხებზე და მარათონი მოვაწყვეთ, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად ადგილობრივი თემიც ჩავრთეთ.

ამ მცირე გრანტით გავაგრძელეთ წამოწყებული საქმიანობა“ – ანა ჭყონია, სამოქალაქო კლუბ ,,ბლექსის“ წევრი. კონფერენციას დაესწრო სამოცდაათამდე ადამიანი, მათ შორის მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, თემის წარმომადგენლები და მშობლები. მცირე გრანტის ,,ჯანმრთელობა იწყება ჯანსაღი კვებით“ ფარგლებში დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მოეწყო სამოქალაქო კლუბის ოთახი, რომელმაც ამავდროულად შეიძინა საკონფერენციო დარბაზის ფუნქციაც. მცირე გრანტის თანხით მოხდა საკონფერენციო ოთახისთვის  მაგიდისა და სკამების შეძენა. კლუბის წევრმა მოსწავლეებმა იმუშავეს ჯანსაღი კვების პოპულარიზაციაზე. ჩაატარეს გამოკითხვა მოსწავლეებსა და დაბაში მოქმედ სავაჭრო ობიექტებში. სულ გამოიკითხა 225 ადამიანი. კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების უმეტესობა რეგულარულად იკვებება ისეთი არაჯანსაღი პროდუქტებით და გაზიანი სასმელებით. შეხვდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, სადაც მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მომხმარებელთა უფლებები და მიმწოდებელთა პასუხისმგებლობები. მიღებული ინფორმაციის გამოყენებით მოამზადეს საინფორმაციო ფურცლები და გაავრცელეს ადგილობრივ თემში. მოაწყვეს შეხვედრა ექიმთან და მშობლებთან ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. შექმნეს დაბაში მოქმედი სავაჭრო ობიექტების ბაზა და დაიტანეს საინფორმაციო რუქაზე. მოიპოვეს ინფორმაცია ჯანსაღ კვებაზე და მოამზადეს კედლის გაზეთი. გადაიღეს პროექტის საქმიანობების ამსახველი ვიდეოკლიპი.