2015 წლის 2 ივლისს, თბილისში, გამარჯვების პარკში, კასპის შპს ბესიკ ნიპარიშვილის მრავალპროფილიანი სკოლა გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნინო ნიპარიშვილის და მოსწავლეების ინიციატივით, 13 ივნისს თბილისში სტიქიით დაზარალებული ოჯახების 7 ბავშვისთვის, რომლებიც დროებით ცხოვრობენ სასტუმრო „ლევილში,“ გასართობი საღამო გაიმართა. აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკის მონაწილე მოსწავლეები თბილისიდან და ქუთაისიდან, ასევე ორგანიზაცია „სიქას“ წარმომადგენელი და ბანაკის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გაბატაშვილი.
ღონისძიების მიზანი იყო სტიქიით დაზარალებული ბავშვების ფსიქოლოგიური განტვირთვა და მათთან დამეგობრება. გიმნაზიის ბენდის წევრებმა იმღერეს ქართული და უცხოური ჰიტები.
მოსწავლეებმა ბავშვებთან ერთად ითამაშეს, დახატეს და განახორციელეს სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ასევე, ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები – წიგნები, ფერადი ფანქრები, სახატავი რვეულები, გასაფერადებლები, სათამაშოები და ტკბილეული.
გასართობი საღამოს ორგანიზება უზრუნველყო შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის დირექციამ.