ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებმა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში წარმატებით ითანამშრომლეს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებასთან. თანამშრომლობის შედეგად დაიწყო კამპანია სისხლში შაქრის შემცველობის დასადგენად.

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გამოხმაურებოდნენ დიაბეტის მსოფლიო დღეს. მათ თავდაპირველად მოიძიეს ინფორმაცია, თუ რამდენად გავრცელებულია დაავადება სკოლაში.

გამოირკვა, რომ სამ ბავშვს აწუხებს ეს პრობლემა. დაავადების პრევენციისა და მართვის მიზნით მოიწვიეს კლინიკა ,,მედალფას“ მენეჯერი და ენდოკრინოლოგი.

მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს დაავადების შესახებ, ასევე ახალგაზრდებს გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომელთა ქსეროასლებიც მომზადდა და გავრცელდა სკოლასა და თემში მოსახლეობის მეტი ინფორმირების მიზნით. ამავე შეხვედრაზე კლინიკის მენეჯერმა მოსწავლეებს შესთავაზა ჩაეტარებინათ უფასო გამოკვლევა შაქრიან დიაბეტზე. ამ შეთავაზებას მალევე მოყვა შედეგი – ხუთმა ახალგაზრდამ უკვე ჩაიტარა გამოკვლევა. ეტაპობრივად სულ 40 ახალგაზრდა შეიმოწმებს შაქრის მაჩვენებელს სისხლში. თამარ ჩხიკვაძე, X კლასის მოსწავლე – ,,ვფიქრობ, ჩვენს მიერ დაწყებული ერთობლივი კამპანია სისხლში შაქრის შემცველობის დასადგენად, ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ უკვე დავინახეთ შედეგი – ხუთი მოსწავლიდან ორს მომატებული აღმოაჩნდა სისხლში შაქრის დონე და ანალიზის საფუძველზე დაიწყეს შესაბამისი მკურნალობა. ჩვენ მხოლოდ IX – X კლასის მოსწავლეებით არ შემოვიფარგლებით, სამომავლოდ ვგეგმავთ სამიზნე ჯგუფის გაფართოებას და აღნიშნულ კამპანიაში მთელი სკოლის ჩართვას“.