2015 წლის 25 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტი“ს საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ღონისძიება „მე აქტიური მოქალაქე“. ღონისძიების მიზანი იყო სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აჭარის რეგიონში პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების 80მდე წევრმა და 90-მა უმცროსი კლასის მოსწავლემ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ინტელექტუალური თამაში „მე – აქტიური მოქალაქე“, რომელიც ორ ნაწილად ჩატარდა.
პირველ ნაწილში შეჯიბრი მოეწყო სამოქალაქო კლუბების წევრებს შორის, ითამაშა 12-მა გუნდმა. კითხვები მოიცავდა სამოქალაქო განათლების საკითხებს, რომლებიც სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებიდან მომზადდა.
გამოვლინდა „წლის მოაზროვნე სამოქალაქო კლუბი“ ( სოფ. სალიბაურის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „თემიდა“) და „საუკეთესო მოთამაშე სამოქალაქო კლუბი“( წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „წინსვლა“). გამარჯვებული გუნდები, თამაშის მონაწილეები და აქტიური გულშემატკივრები სერთიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა. თამაშის დასასრულს მონაწილეებს შეხვდა მოწვეული სტუმარი პოეტი, ოლიმპიური ცეცხლის ერთერთი მეჩირაღდნე აჭარაში, ბ-ნი ნიკოლოზ ფუტკარაძე. იგი მოსწავლეებს ესაუბრა აქტიურ მოქალაქეობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და დადებითად შეაფასა მოზარდების ცოდნა სამოქალაქო განათლების საკითხებში. ღონისძიების მეორე ნაწილი პროგრამის პარტნიორი შპს კავკასიის ბიზნეს სკოლის სამოქალაქო კლუბის „ალბიონი“ და შპს მომავლის სკოლის სამოქალაქო კლუბის „მომავლელები“ ინიციატივით განხორციელდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროგრამის პარტნიორი სკოლების (8 სკოლა) 90 უმცროს კლასელის მონაწილეობით ჩაატარეს ინტელექტუალური თამაში, რომლის მიზანი უმცროსი ასაკის მოსწავლეებში აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია იყო. სამოქალაქო კლუბის ინიციატივას მხარი დაუჭირა საზოგადოების „მწიგნობარი“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც აღნიშნული თამაშისთვის შეადგინეს კითხვები და ასევე გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს სერტიფიკატებით. ღონისძიება გაშუქდა ტელეკომპანია „აჭარის“, გაზეთი „აჭარის“ და რადიო „აჭარის“ მიერ.