2014 წლის 26-30 დეკემბერს თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების ინიციატივით სკოლებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დასუფთავების აქციები ჩატარდა. აქციებში მონაწილეობა მიიღო თბილისის №26, №186, №155, №107  საჯარო სკოლების და   კერძო სკოლა „ივერონის“ 100-ზე მეტმა მოსწავლემ.

თბილისის სასკოლო  სამოქალაქო  კლუბების  სამუშაო შეხვედრაზე გარემოს დაბინძურება თემში არსებულ  ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დასახელდა და იქვე დაიგეგმა დასუფთავების აქცია. ხოლო, თბილისის №26 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი ეკოლოგიურ თემატიკაზე, რომელსაც 25 მოსწავლე ესწრებოდა.

კლუბის წევრებმა პროგრამის ფარგლებში აქციისთვის საჭირო ინვენტარი შეიძინეს და დაგეგმილ დროს ენთუზიაზმით შეუდგნენ გარემოზე ზრუნვას. აქციის შედეგად  დასუფთავდა ოთხი სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

მოსწავლეების მიერ შეგროვებული ნაგვის ტრანსპორტირება თბილისის დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო.