თბილისის №29 და №150 სკოლის სამი მოსწავლე ცხრა დღის განმავლობაში დღის ცენტრში „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას, რომ საჭიროებენ“, მოხალისედ მუშაობდა. აღნიშნულ პერიოდში კლუბის წევრები გაეცნენ ორგანიზაციის სტრუქტურას და ჩაერთნენ დღის ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში.

აღნიშნულ ცენტრში ფუნქციონირებს სოციალური თერაპიის სახლის 8 სახელოსნო, მათ შორის: მეორადი ქაღალდის გადამამუშავებელი სახელოსნო, სტამბა, სანთლის და ხეზე კვეთის სახელოსნოები და ა.შ. მოხალისეობის პერიოდში მოსწავლეები სწორედ ამ სახელოსნოებში ეხმარებოდნენ დღის ცენტრის ბენეფიციარებს და ერთობლივად ქმნიდნენ პროდუქციას.

გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების დამზადება ისწავლეს, უშუალოდ მუშაობდნენ შშმპ-თან, რაც მათთვის დიდი გამოცდილება იყო. მიღებულმა გამოცდილებამ მოსწავლეებს ნათლად დაანახა შშმპ-ის საჭიროებები, რაც სამომავლოდ მათ სამოქალაქო ინიციატივების დაგეგმვაში და განხორციელებაში დაეხმარება.

-ეს სტაჟირება რაღაც ახალი იყო ჩემთვის, ერთგვარი გამოწვევა, რადგან არასოდეს მქონია შეხება შშმ პირებთან, ამიტომ დიდხანს არც მიფიქრია ისე დავთანხმდი შემოთავაზებულ წინადადებას. სტაჟირება ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა. მივიღე შშმ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათთან ერთად დავეუფლე მეორადი ქაღალდების დამუშავების ტექნიკას. სტაჟირებაზე ძალიან თბილი, მზრუნველი და მეგობრული გარემო დამხვდა. ბენეფიციარები არამარტო ერთმანეთის მიმართ იყვნენ მეგობრულად განწყობილნი, არამედ მეც მალევე მიმიღეს მეგობრად. ისინი მხოლოდ სითბოს, სიკეთეს და პოზიტივს ასხივებენ, ნამდვილად დაუვიწყარი 9 დღე გავატარე მათთან. ყოველდღიური ურთიერთობა, პირადი საუბრები იმის გაანალიზებაშიც დამეხმარა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. ჩვენი ურთიერთობა ამ 9 დღით ნამდვილად არ შემოიფარგლება. მე კვლავაც ვაპირებ მათთან მისვლას, ერთად მუშობას, ისინი უკვე ჩემი მეგობრები არიან და არ ვაპირებ ასეთ თბილ ადამიანებთან ურთიერთობის შეწყვეტას, – ქ. თბილისის 29-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მარი მძევაშვილი. დღის ცენტრი „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას, რომ საჭიროებენ“, რომელიც გონებრივი შეზღუდვის მქონე რამდენიმე ათეულ ადამიანს ემსახურება, ხშირად თანამშრომლობს სამოქალაქო განათლების პროგრამასთან „მომავლის თაობა“. გასულ სასწავლო წელს მათ, ასევე უმასპინძლეს საკლასო პროექტებში მონაწილე მოსწავლეებს და როგორც ცენტრის მენეჯერ-სოციალურ მუშაკმა ქეთი გიგინეიშვილმა განაცხადა, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.