მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “ნათელი მომავალი” ინიციატივით IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე “ნაადრევი ქორწინება”. ტრენინგს უძღვებოდა კლუბის მეურვე, პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის” მოხალისე პედაგოგი მაკა მენთეშაშვილი.

ტრენინგები იყო საინფორმაციო სახის, სადაც საუბარი მიმდინარეობდა იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც თან სდევს ნაადრევ ქორწინებას. მოსწავლეები ტრენინგზე შეჯერდნენ იმ აზრზე, რომ ჯობია ჯერ განათლების მიღება დაასრულონ და შემდეგ იფიქრონ ქორწინებაზე.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 45-მა მოსწავლემ. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ინფორმაცია აზერბაიჯანულ ენაზეც მოეძიათ.

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა კლუბს მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაბეჭდილი, ნაადრევი ქორწინების თემაზე აზერბაიჯანულენოვანი 80 ცალი ბროშურა. მოსწავლეებმა დაამზადეს ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო პლაკატები და 29 მაისს თემში მოაწყვეს საინფორმაციო მსვლელობა ნაადრევი ქორწინების მავნებლობის თემაზე, რომლის დროსაც თემის წევრებს დაურიგეს საინფორმაციო ბროშურები. მოსწავლეების ამ აქტივობამ თემის დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოსახლეობა დადებითად შეხვდა ახალგაზრდების საინფორმაციო სვლას და აღნიშნა, რომ განათლებული ახალგაზრდები ნათელი მომავლის საწინდარია.