ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თანატოლების ინფორმირება ძალადობის შესახებ. სკოლაში ჩატარდა უფროსკლასელი მოსწავლეების გამოკითხვა, თუ რამდენად ფლობდნენ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, შესწრებიან თუ არა სკოლაში ძალადობის ფაქტებს და რა მოუმოქმედებიათ.

როგორც კლუბის ლიდერმა, ვერიკო სუხიტაშვილმა აღნიშნა: „პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ მოსწავლეებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რათა მათ უკეთ გაეგოთ, რა არის ძალადობა, ჩაგვრა და ესაუბრათ საკუთარ პრობლემებზე.

ჩვენმა მიდგომამ გაამართლა, მოსწავლეები საკმაოდ გულახდილად საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე, ურთიერთობებზე, იყვნენ გამოსავლის ძიებაში და აყალიბებდნენ საკუთარ აზრებს“.

მოსწავლეების ინიციატივით, სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, სადაც კლუბის ლიდერებმა ისაუბრეს ძალადობის სახეებზე, ფორმებზე, ბულინგზე და მისი პრევენციის გზებზე — ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში და როგორ ისარგებლონ ცხელი ხაზით. მათ მოიფიქრეს სლოგანები და მათი მეშვეობით შექმნეს პლაკატები, რომელთა პრეზენტაციაც მოეწყო სასკოლო გარემოში.