2016 წლის 22 მაისს, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ბათუმის დელფინარიუმსა და ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის დელფინარიუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ქ-ნმა ნატალია ზოიძემ და ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ქ-ნმა მაია ქათამაძემ.
მემორანდუმის თანახმად, ორი თვის განმავლობაში, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს ჩაუტარდებათ სემინარები ბუნების დაცვის საკითხებზე და მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლეები ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით სხვადასხვა სახის ინიციატივებს განახორციელებენ. ასევე, მემორანდუმის დასრულების დღეს, 22 ივლისს, დელფინების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები, აჭარაში განახორციელებენ დელფინების გადარჩენის კამპანიას.
„ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. სამწუხაროდ დღეს, ეკოლოგიურ განათლებას ნაკლებად ექცევა ყურადღება.
მე, ამ მოსწავლეებთან თანამშრომლობის სურვილი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც დავესწარი მათ მიერ დედამიწის დაცვის და გადარჩენის მიზნით წარმოდგენილ ფლეშმობს. მივხვდი, რომ მათთვის უფრო მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რომ კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ ბუნების დაცვაზე ზრუნვა“, სთქვა დელფინარიუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ქ-ნმა ნატალია ზოიძემ. შეხვედრის დროს მოსწავლეებმა დელფინებზე დაკვირვება და აკვარიუმის დათვალიერებაც შესძლეს. ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის – აჭარის ტელევიზიის და ტვ25-ის მიერ.