2015 წლის 30 იანვარს, გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში, გაიმართა  სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლის (გურიანთა, სოფ.

ოზურგეთი, მაკვანეთი, ქვ. ბახვი, ურეკი, კონჭკათი) სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემში გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილეები, ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელები და    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმოადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ  ზემოთხსენებული სოფლების გამგეობის და მედიის  წარმომადგენლები.

შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, დაისახა თანამშრომლობის კონკრეტული გზები. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა აღუთქვეს ახალგაზრდულ ინიციატივებს, რომელთა განხორციელება მომდევნო ორი თვის განმავლობაში იგეგმება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე თითოეულ პრეზენტაციას გამოეხმაურა და დასახელებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. კერძოდ, სოფელ მაკვანეთის, ოზურგეთისა და  კონჭკათის სამოქალაქო კლუბებს წარმოდგენილი ჰქონდათ ინიციატივები თემში დასუფთავების კამპანიის წარმოების შესახებ. სამივე კლუბს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაპირდა დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის და შეგროვებული ნაგვის გატანის უზრუნველყოფას. სოფელ კონჭკათის სამოქალაქო კლუბს დასუფთავების აქციის პარალელურად დაგეგმილი აქვს გამწვანების აქცია, რისთვისაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამოუყოფს სამუშაო იარაღებს და უსასყიდლოდ გადასცემს ნერგებს. ხოლო, დაბა ურეკის სამოქალაქო კლუბს წარმოდგენილი ჰქონდა პროექტი სკოლის წინ სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერის მოწყობის თაობაზე. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, დაბა ურეკში მომდევნო ორი წლის მანძილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მუდმივმოქმედი სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის დამონტაჟება ვერ მოხერხდება, თუმცა მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის  მოეწყობა დროებითი სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ: ,,ძალიან მიხარია რომ ასეთი შეხვედრა შედგა. მოსწავლეები პრობლემას ხედავენ და თან სურვილი აქვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პრობლემის გადაჭრაში. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აქ დასახელებული პრობლემები მოგვარდეს, მოინახება ყველა გზა საამისოდ. მე მახარებს მოსწავლეების აქტიურობა, ისინი ყალიბდებიან სრულფასოვან მოქალაქეებად…“. სამოქალაქო განათლების პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.