ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „სამყურა“ წევრებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „მუზეუმი მომავალი თაობებისთვის“. პროექტის მიზანი იყო სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნა და სოფლის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.

კლუბის წევრებმა მხარდაჭერისთვის სოფელ ვაჩიანის რწმუნებულს და დეპუტატს მიმართეს, შედეგად მათ უზრუნველყვეს კარადების ტრანსპორტირება, სკოლას გადაეცა მუზეუმის ოთახისათვის სარემონტო მასალები, ხოლო სკოლამ მუზეუმისათვის შეიძინა ფარდა-ჟალუზები. 19 მაისს შედგა ეთნოგრაფიული მუზეუმის ოფიციალური გახსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, სოფელ ეშტიის №1 და №2 საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და თემის წევრები.

„სამოქალაქო განათლება არის საშუალება მოსწავლეები ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აკეთონ სასიკეთო და სასარგებლო საქმე. დღეს ვხედავთ სწორედ ამ მაგალითს, მოსწავლეების ინიციატივა გაეხსნათ მუზეუმი – ფრთები შეისხა, ვისურვებდი, რომ მრავალი აქტიური მოსწავლე აღეზარდოს ვაჩიანის საჯარო სკოლას” – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსათვის“ ხელმძღვანელმა სედა მელქუმიანმა.

ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა მედიამ.